დავით ზალკალიანი - ინაუგურაციაზე დამსწრე პირებთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს
დავით ზალკალიანი - ინაუგურაციაზე დამსწრე პირებთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ინაუგურაციაზე დამსწრე პირებთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ იყო წარმოდგენილი აშშ-ის მხრიდან USAID-ის წარმომადგენელი.

„აშშ-ის მხრიდან ჩამოსული იყო USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, რომელიც არის უაღრესად მაღალი თანამდებობა. მას ჰქონდა ამერიკის მთავრობის მანდატი. 2013 წელსაც იყო წარმოდგენილი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, რომელსაც ასევე ჰქონდა აშშ-ის ხელისუფლების მანდატი. მინდა, კარგად გაითავისოთ ეს და სპეკულაციებს მოვუღოთ ბოლო. ყველა დელეგაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო, მათ ჰქონდათ თავიანთი უმაღლესი ხელისუფლების მანდატი. მინდა ასევე ვთქვა, რომ არ დარჩენილა არც ერთი სახელმწიფოს ლიდერი, რომელსაც ან ვერბალური მილოცვა არ განეხორციელებინა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, ან არ გამოეგზავნა წერილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე გვქონდა მაქსიმალური მობილიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გვქონდა მოლოცვა ყველა სახელმწიფოს ლიდერის მხრიდან, 60-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგაცია იყო ჩამოსული, მათ შორის 20 მაღალი დონის დელეგაცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ამ დღეების განმავლობაში ევროკავშირში მიმდინარეობდა უმაღლესი დონის სამიტი, დიდი ფორუმები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას.

„მინდა, ყველას, ვინც ინაუგურაციაში მონაწილეობა მიიღო მადლობა გადავუხადო. რათა ასეთ გადატვირთულ დროს მოძებნეს საშუალება და ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენ ასევე ძალიან ბევრ ინაუგურაციაზე ვიღებთ მოწვევას, ეს ვიზიტები დამოკიდებულია ლიდერების გრაფიკზე და ყველა ინაუგურაციაზე საქართველო უმაღლეს დონეზე არ არის წარმოდგენილი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ არ გვაქვს პატივისცემა, ან არ ვიღებთ იმ არჩევანს, რაც ამ ქვეყანამ გააკეთა. ეს არის ისეთი ნიუანსები, რაზეც ძალიან გთხოვთ, რომ არ იყოს სპეკულაციები, რადგან საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა სალომე ზურაბიშვილისა და ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოსული სტუმრების შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს გუშინ ინაუგურაციის ფარგლებში თითქმის ყველა სტუმართან ჰქონდა კომუნიკაცია.

“იყო კომუნიკაცია, სადაც ჩვენც უშუალოდ ჩართული ვიყავით, ასევე აქტიურად ვიმუშავებთ მომავალში. უკვე დაანონსებულია უახლოესი ვიზიტები, რომელიც პრიორიტეტულია საქართველოს პრეზიდენტისთვის. ყველა უცხოურ ვიზიტთან დაკავშირებით და ყველა მის ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება ძალიან აქტიურად ჩართული”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.