დავით ზალკალიანი - გვსურს, 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა ახალი იდეებითა და ხედვებით მომავალზე იყოს ორიენტირებული 
დავით ზალკალიანი - გვსურს, 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა ახალი იდეებითა და ხედვებით მომავალზე იყოს ორიენტირებული 

საქართველო აქტიურად ემზადება ბრიუსელში 21 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრისთვის, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სრულიად ახალი ფორმატია, – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრა, ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევროსაბჭოს ანგარიში იყო.

დავით ზალკალიანის განცხადებით, 21 ნოემბრის შეხვედრისთვის საქართველო განსაკუთრებული სერიოზულობითა და ყურადღებით ემზადება.

„გვსურს, ამ შეხვედრას ჰქონდეს ის განზომილება, რომელიც კიდევ უფრო წინ წაწევს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს სექტორული თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“, – განუცხადა ელჩებს დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ბრიუსელის 21 ნოემბრის შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის მინისტრები.

ზალკალიანის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო ფორმატი, რომელიც საქართველოს თანამშრომლობის კუთხით ახალი იდეების განხილვის საშუალებას მისცემს.

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს არ იყოს შეხვედრა მხოლოდ საქართველოს მხრიდან ევროკავშირისთვის ანგარიშის ჩაბარების კუთხით, არამედ ეს იყოს მომავალზე ორიენტირებული შეხვედრა, ახალი იდეებით, ახალი ხედვით, რომელიც იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წარდგენილი. დარწმუნებული ვარ, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ჩვენს ახალ ინიციატივებსა და იდეებს შესაბამისი მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა ელჩებთან შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა განსაკუთრებულ ფაზაშია და განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა, რასაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატები და შეფასებები ადასტურებს.