დავით ზალკალიანი - გვქონდა ფრანკფურტის ბაზრობა, გვექნება ევროპალია, რაც ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ
დავით ზალკალიანი - გვქონდა ფრანკფურტის ბაზრობა, გვექნება ევროპალია, რაც ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 2022 წელს ბელგიასა და ევროპულ დედაქალაქებში ქართული კულტურის ზეიმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, ქვეყნის ფასეულობების აქტიურად წარმოჩენას ევროკავშირში.

„საქართველომ მიიღო უფლება 2022 წელს უმასპინძლოს ევროპალიის ფესტივალს. ეს არის არის უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება, შეიძლება ითქვას, რომ ფრანკფურტის დარი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს ევროპულ დედაქალაქად წოდებულ ბრიუსელსა და ბელგიის სხვა ქალაქებში ექნება შესაძლებლობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმასპინძლოს მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებს.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, ჩვენი ღირებულებების, კულტურის, ფასეულობების ძალიან აქტიურად წარმოჩენას ევროკავშირში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას.

გვქონდა ფრანკფურტის ბაზრობა, გვექნება ევროპალია, შესაძლებელია მათ შორის არა ამ მასშტაბის, მაგრამ მცირე ზონის ღონისძიებებიც დაიგეგმოს და ესეც არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოში ჯდება“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2022 წელს ბელგიასა და ევროპულ დედაქალაქებში ქართული კულტურის ზეიმი გაიმართება. როგორც ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ბრიუსელში იმართება ევროპული მასშტაბის ფესტივალი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში გრძელდება.