დავით ზალკალიანი - გვესმის, რომ სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა დიდია, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ არსებული რესურსის ფარგლებში
დავით ზალკალიანი - გვესმის, რომ სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა დიდია, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ არსებული რესურსის ფარგლებში

გვესმის, რომ დაბრუნების მსურველ მოქალაქეთა რაოდენობა დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ეტაპობრივად, ყველა კრიტერიუმისა და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაბრუნების მსურველ მოქალაქეთა რაოდენობა არის ძალიან დიდი, მაგრამ რეისები ინიშნება არსებული რესურსის ფარგლებში და იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რა კრიტერიუმები და პროცედურებიც აქვს დაწესებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა შეხვდეს მომზადებული საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ, ეტაპობრივ დაბრუნებას.

„არაერთხელ მითქვამს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შესაძლოა, იყოს ინფიცირებული, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. აუცილებელია მისი სტაციონარში გადაგზავნა და იმის გამო, რომ არ შეექმნას პრობლემა როგორც მგზავრებს, გათვალისწინებულია მათი ჭადრაკისებური დასმის პრინციპი. ეს არის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან გვაქვს და ასევე, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, კარანტინში არსებულ სივრცეში ოთახების რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს სრულ თავსებადობაში. ამიტომ, ბუნებრივია, ყველა რეისის დაგეგმვას ვახორციელებთ სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად. გვესმის, რომ რაოდენობა დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ეტაპობრივად, ყველა კრიტერიუმისა და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ასე გაგრძელდება მომავალშიც, რათა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.