დავით ზალკალიანი - გვაქვს ეუთო-ოდირის წინასწარი დასკვნა, რომელშიც პოზიტიურად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისთვის
დავით ზალკალიანი - გვაქვს ეუთო-ოდირის წინასწარი დასკვნა, რომელშიც პოზიტიურად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისთვის

ხელისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნებს, მთელ პროცესს და მოსამზადებელ პერიოდს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ​ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია და გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე საქართველოში იმყოფებიან.

„ხელისუფლება ძალიან კარგად აცნობიერებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის და ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. არჩევნების დემოკრატიულად, გამჭვირვალედ, ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისად ჩატარება არის ასევე ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რადგანაც დემოკრატიული პროცესების შემადგენელი ნაწილია ჩვენი საბოლოო მიზნისთვის, რაც არის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნებს, მთელ პროცესს, მოსამზადებელ პერიოდს. დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მზადება, ჯერ კიდევ აპრილ-მაისში გავაგზავნეთ მოწვევები საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში მოწვევისთვის, ჩვენ უკვე გვყავს ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია, გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე საქართველოში იმყოფებიან. ველოდებით, რომ გვეყოლება ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლებიც დიდი რაოდენობით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, პანდემიამ საერთაშორისო მონიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით თავისი წვლილი შეიტანა არჩევნებში.

„ამის მიუხედავად, ჩვენ გვეყოლება საკმარისზე მეტი საერთაშორისო მონიტორი, რათა ამ არჩევნების ლეგიტიმურობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, ისე, როგორც ამას მოითხოვს ეუთო-ს სტანდარტები. ეს რომ ასე იქნება, ამისთვის უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მანამდე გადადგმული, თუნდაც ის, რომ ჩვენმა პარლამენტმა მიიღო ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე იყო დადებული ეუთო-ს მხრიდან. ეს რეკომენდაციები მიღებულია, ასახულია ჩვენს კანონმდებლობაში. ამაზე მიანიშნებს ასევე ის წინასწარი დასკვნები, რომელიც გვაქვს ეუთო-ოდირის მხრიდან. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი დასკვნა, რომელიც უაღრესად პოზიტიურად აფასებს პარლამენტის მხრიდან ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას და იმ ნაბიჯებს, რასაც ხელისუფლება დგამს არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისთვის, თუნდაც ის გამოხმაურებები, რომელიც გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდით ბრიუსელში. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ევროკავშირში ჩვენს პარტნიორ წევრ ქვეყნებთან და ძალიან მაღალი შეფასებები გვაქვს და საქართველო არის აღიარებული ლიდერად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის, თამასა დემოკრატიულობის არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, მოლოდინები, რომ ჩვენ ვიქნებით სულ თავსებადობაზე ამ დემოკრატიულ პრინციპებთან და სტანდარტებთან, მაღალია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება უაღრესად პოზიტიური და მაღალი შეფასებები არჩევნების ჩატარების შემდეგაც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი