დავით ზალკალიანი - გვაქვს დიასპორასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი ინიციატივა, რომელსაც განვახორციელებთ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის („ENIGMMA“) ორგანიზებით „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების“ 2019 წლის ცერემონია გაიმართა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოებაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობას აქვს ბევრი ინიციატივა დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გააქტიურების კუთხით.
„ეს ძალიან ემოციური და ამაღელვებელი საღამო იყო. მოვისმინეთ ძალიან ბევრი ისტორია იმ ქართველებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. უკვე მეორე წელია, ვახორციელებთ მსგავს ღონისძიებას და ვფიქრობ, რომ ეს კარგი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. გვაქვს ძალიან ბევრი ინიციატივა დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გააქტიურების კუთხით. პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობების კომიტეტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა ბევრ ახალ ინიციატივას გეგმავს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვან წილად წაადგება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საზღვარგარეთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ.
„დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების“ ცერემონიაზე, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ: მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გრიგოლიას, ლ’აკვილას უნივერსიტეტის ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორ ზურაბ ბერეჟიანი. კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ თურქეთში მოღვაწე იბერია ოზქან (მელაშვილს), საფრანგეთში მოღვაწე ქორეოგრაფ ზურაბ ცუცქირიძესა და ნიდერლანდების სამეფოში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამაარსებელ თინათინ სვანიძე-ვენკოს. სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო დალი უბილავა-დე გრააფს გადაეცა. საქველმოქმედო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ ლიანა საჯაია-გოგრიჭიანი და თინათინ ჩალათაშვილი. ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის კი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე სპორტსმენი ლევან გოგინაშვილი დაჯილდოვდა.
ღონისძიებაზე ქართული დიასპორის გარდა, აღინიშნა საქართველოს უცხოელი მეგობრის ღვაწლიც. ჯილდოდები გადაეცათ ქართველოლოგებს ჰაინალკა ბაბირაქისა და ლუიჯი მაგაროტოს, რომლებიც ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და მთარგმნელობით საქმიანობას ეწევიან. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.