დავით ზალკალიანი - გვახსოვს ჩვენი ოპონენტების ქმედებები, როდესაც პარტნიორ ქვეყნებთან კულუარებში მალულად ხდებოდა გარკვეული მოლაპარაკებები
დავით ზალკალიანი - გვახსოვს ჩვენი ოპონენტების ქმედებები, როდესაც პარტნიორ ქვეყნებთან კულუარებში მალულად ხდებოდა გარკვეული მოლაპარაკებები

ძალიან სასაცილოა ის, რასაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, თითქოს, პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა და ეს მალულად ხდებოდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არ არის ჩვენი სტილი. კარგად გვახსოვს მსგავსი ქმედებები ჩვენი ოპონენტების მხრიდან, როდესაც პარტნიორ ქვეყნებთან კულუარებში მალულად ხდებოდა გარკვეული მოლაპარაკებები; საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ხდებოდა კორიდორებში დადარაჯება, სხვადასხვა ლიდერების გამოჭერა, შემდეგ ფოტოს გადაღება და ამის მნიშვნელოვან შეხვედრებად და მოლაპარაკებებად წარმოჩენა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სტილი არის სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემებზე თავისუფალი და ღია საუბარი.

„ჩვენ საზოგადოებისგან ფარულად არაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა. 

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა.

„მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან პოზიტიურად დაახასიათა და თქვა, რომ ერთმანეთში საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს. ეს ძალიან ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკაა. ასეთი შეხვედრების დროს რაღაც თემებზე საუბარი არ ხდება; ამას ოფიციალურ შეხვედრას და მოლაპარაკებას ვერც დაარქმევ. ეს იყო მიღება, რომელიც ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გამართა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, უახლოეს პერიოდში საქართველოს სამართალდამცავმა უწყებებმა უკრაინის შესაბამის უწყებებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების ხელახალი მოთხოვნით მიმართონ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გააკეთა განცხადება და შესაბამისად, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებსა და განზომილებაში იქნება განხილული.