დავით ზალკალიანი - გუგუტიანთკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ პროცესებში
დავით ზალკალიანი - გუგუტიანთკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ პროცესებში

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა აქამდე გუგუტიანთკარში.

მინისტრის ამბობს, რომ ის ოთხი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა და თბილისში დღეს დაბრუნდა, თუმცა საგარეო უწყება პირველივე დღიდანვე იყო ჩართული პროცესებში.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ პროცესებში, ჩვენ რაც გვევალება – საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია. ჩემთვის მთავარია იმ დავალების შესრულება, რაც მე გამაჩნია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მომხდარიყო ინფორმირება საერთაშორისო თანამეგობრობის. მე ოთხი დღის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი, დღეს დავბრუნდი დედაქალაქში, თუმცა მთელი აპარატი იყო მობილიზებული და ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავი ჩართული სატელეფონო რეჟიმში, როგორც საელჩოებთან, ისე ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მე იქ ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალავ განაახლეს. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი. დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ადგილზე სამუშაოები არ განუახლებიათ.

ამასთან, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.