დავით ზალკალიანი - გიგი გიგიაძის გამოხმაურება ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, როდესაც ელჩი ასეთ მგრძნობიარე თემაზე განცხადებას აკეთებს, ჩვენთვის უნდა დაერეკა, ეკითხა, რასთან გვაქვს საქმე
დავით ზალკალიანი - გიგი გიგიაძის გამოხმაურება ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, როდესაც ელჩი ასეთ მგრძნობიარე თემაზე განცხადებას აკეთებს, ჩვენთვის უნდა დაერეკა, ეკითხა, რასთან გვაქვს საქმე

დანიაში საქართველოს ელჩის გამოხმაურება მეც გამიკვირდა. როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს ასეთ მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებას დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით.

დანიაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, გიგი გიგიაძის განცხადება მისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან მისი მხრიდან სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

„რაც შეეხება ელჩის მხრიდან გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, რადგან კოლეგიალურობიდან და ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როდესაც ელჩი განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის, რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე. ასეთი ზარი არ შემოსულა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან ასეთი განცხადება „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა და ალბათ, მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ.

რა თქმა უნდა, მასთან აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. მას მიეწოდება ყველა ინფორმაცია, იგივე გამოძიების პროცესში, რაც კი საზოგადოებისთვის ცნობილია, ყველა ინფორმაცია მისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ ამას სამინისტროს შიგნით განვიხილავთ და მასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დავით გარეჯის საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავება ემოციურად მისთვისაც რთულია.

„ყველამ ერთად ვიხილეთ გენერალური პროკურატურის განცხადება, რომელშიც საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოკვეთილ მძიმე დანაშაულის ნიშნებზე. მოგეხსენებათ, დაკავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს, რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვისაც და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვისაც ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო. ყველა ვწუხვართ, რომ ამ გამოძიების პროცესში სამინისტროს თანამშრომელია და მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს, პასუხი გაეცემა.

განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის, რადგან იცით, რომ 28 წელია, ამ სისტემის ნაწილი ვარ და ყველა ადამიანს, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს, ძალიან კარგად ვიცნობ. ამიტომ მნიშვნელოვანია, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდიანრე, სასამართლო პროცესი სანამ არ დასრულდება, მათი უფლებები დაცული იყოს.

თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა ძალიან ვწუხვართ. პირველ რიგში ვინ, თუ არა მე ვწუხვარ ამაზე, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.