დავით ზალკალიანი გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა
დავით ზალკალიანი გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე ბენჯამინ ლაკოკი მიიღო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისა და კოორდინაციის აუცილებლობას და გამოიხატა მადლიერება პარტნიორების მხრიდან საქართველოსათვის აღმოჩენილი დახმარების გამო.

აღინიშნა, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული პოზიტიური ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მოქალაქეთა მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საგნობრივი საუბარი საზღვრების გახსნის კონკრეტული ვადების განსაზღვრის მიზნით.

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს.