დავით ზალკალიანი - გერმანიის გადაწყვეტილება საბოლოო კანონად რომ იქცეს, საჭიროა, შემდგომი პროცედურების გავლა
დავით ზალკალიანი - გერმანიის გადაწყვეტილება საბოლოო კანონად რომ იქცეს, საჭიროა, შემდგომი პროცედურების გავლა

ეს არის კიდევ ერთი აღიარება ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელებას.

„ფაქტია, რომ ჩვენი მხრიდან ხდება მყისიერი რეაგირება ნებისმიერი სახის ვიზალიბერალიზაციის არაკეთილსინდისიერ გამოყენებაზე. გერმანიის ეს გადაწყვეტილება რომ იქცეს საბოლოო კანონად, საჭიროა, შემდგომი პროცედურების გავლა, საჭიროა, რომ კანონი გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღოს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეც იქნება. გერმანიაში ვიზიტის დროს ამის შესახებ გერმანელ პარტნიორებთან მქონდა საუბარი და მათი მხრიდან ჩვენ გვაქვს მყარი გარანტია იმისა, რომ პოზიტიური დინამიკა, რომელიც არის თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მხრივ, მოწონებული იქნება”, – აცხადებს ზალკალიანი.

გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს. მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებიდან, მხოლოდ 0,6 პროცენტი დაკმაყოფილდა.