საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2-5 ივლისს ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასისთან, რომლის მიმდინარეობისას მინისტრები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.
ბერლინში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველ იან ჰეკერს, ასევე რუსეთთან, ცენტრალურ აზიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორ დირკ ვიზეს.
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს გერმანიის ბუნდესტაგში როგორც სხვადასხვა კომიტეტის, ასევე გერმანიის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, მათ შორის იგეგმება შეხვედრები ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვოლფგანგ ჰელმიხთან, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ როეტგენთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ჯგუფის თავმჯდომარე იოჰანეს კარსთან, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან, ბატონ ნილს შმიდთან და სხვა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვედრებს გამართავს გერმანიის ანალიტიკური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებთან, მათ შორის დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ფრიდრიხ ებერტის პოლიტიკურ ფონდში, ასევე კოერბერის ფონდის ორგანიზებით სამუშაო ფორმატში შეხვდება გერმანელ ექსპერტებს, შეხვედრას გამართავს მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარე ფოლკერ პერთესთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში, რომელსაც ბერლინი 4-5 ივლისს მასპინძლობს. სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობას ასევე იღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში ბერლინში საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი, გაიმართება საზეიმო მიღება და კონცერტი. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიის სახელმწიფო მინისტრი მიჰაილ როთი.