დავით ზალკალიანი - გერმანია პოზიტიურად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით
დავით ზალკალიანი - გერმანია პოზიტიურად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პირველ არხთან გერმანელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას აფასებს.

ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნატო და ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს გერმანიის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, სავიზო ლიბერალიზაციის თვალსაზრისითაც. ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება. აფასებენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ გადავდგით გერმანიასთან მიმართებაში, როდესაც მათი მხრიდან წუხილი იყო. ამჟამად გვაქვს უაღრესად პოზიტიური დინამიკა და კიდევ ერთხელ გამოითქვა მოსაზრება და იმედი, რომ ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც იქნება შენარჩუნებული“,- განაცხადა ზალკალიამა.

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მოლოდინებზე, რაც ნატო-ს სამიტზე საქართველოს აქვს.

„გავაჟღერე ეს მოლოდინები. თავდაცვის სფეროში პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმებს ჩვენი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ. ეს მაღალი შეფასებები სწორედ ღია კარის პოლიტიკაში უნდა ითარგმნოს ნატო-ს მომავალ სამიტზე. ჩვენ ვითხოვთ რეალობის ადეკვატურად შეფასებას.

მეორე მოლოდინი გახლავთ ჩვენი სათანადო მონაწილეობა შესაბამის ფორმატებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება შედეგები.

მესამე მიმართულება გახლავთ შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა. შავი ზღვის რეგიონი არის ნატო-ს ყურადღების ცენტრში. მთელი მოსამზადებელი პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხედვა და წინადადებები მიგვეწოდებინა პარტნიორებისთვის. ველით ხელშესახებ შედეგებს. ყველა ეს საკითხი დღეს შეხვედრაზე განვიხილეთ“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გერმანელ კოლეგასთან ისაუბრეს კონფლიქტებზე, რომელიც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.

„გერმანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ფორმატებში სხვა კონფლიქტებთან მიმართებაში. გერმანია უკრაინის ნორმანდიულ ფორმატშია წარმოდგენილი. გერმანიის მხრიდან ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ფორმატებში იყო შეხვედრაზე განხილული. ჩვენ გვაქვს სრული გაგება გერმანელი პარტნიორების მხრიდან. მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ არავითარი ჭოჭმანი არ იქნება გერმანიის მხრიდან იმ წითელ ხაზზებზე, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე გადის. გერმანიის მხრიდან ყველა ფორმატი იქნება გამოყენებული ჩვენი საკითხის აქტუალიზაციისთვის“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.