დავით ზალკალიანი - გერმანელ პარტნიორებთან გვაქვს სრული თანხვედრა იმ პრიორიტეტებთან მიმართებით, რაც განსაზღვრულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით
დავით ზალკალიანი - გერმანელ პარტნიორებთან გვაქვს სრული თანხვედრა იმ პრიორიტეტებთან მიმართებით, რაც განსაზღვრულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი, რომელიც დღეს დასრულდა ქართულ-გერმანული სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე შეხვედრით ადენაუერის ფონდში, კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ გერმანელ პარტნიორებთან გვაქვს სრული თანხვედრა იმ პრიორიტეტებთან მიმართებით, რაც არის განსაზღვრული საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ურთიერთობის ის დონე, რომელიც გერმანიასთან არსებობს, იძლევა შესაძლებლობას, რომ საუბარი იყოს თვისობრივად ახალ ურთიერთობებზე და მეტ ინტენსიურ დიალოგზე, როგორც პოლიტიკური, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას, რასაც, მისი განცხადებით, მომავალში აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„გერმანელი პარტნიორები ძალიან აფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რომელიც გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, რისი დასტურიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში. მან ახსენა, რომ საჭიროა ევროპამ და გერმანიამ უფრო მეტი შემხვედრი ნაბიჯები გადადგას იმ ქვეყნების მიმართ, რომელებიც აღიარებენ ამ ევროპულ ფასეულობებს. ვფიქრობ, რომ მინისტრის სიტყვებს მომავალში მოჰყვება შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით 2-5 ივლისს სტუმრობს.