დავით ზალკალიანი -  გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმა, როგორ მივიდეთ 2024 წლამდე, ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ყოველდღიურ საქმიანობას, დაუღალავ შრომას
დავით ზალკალიანი - გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმა, როგორ მივიდეთ 2024 წლამდე, ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ყოველდღიურ საქმიანობას, დაუღალავ შრომას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან მიმართებით ბოლო 30 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, ამ კუთხით პროგრესის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდანაც აღინიშნა.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, მართლაც დღეს ჩვენი დღეა, ჩვენი ერთიანობის, კონსოლიდაციის, რადგანაც, იმას, რასაც საფუძველი ჩაეყარა 103 წლის, წინ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისას და 30 წლის წინათ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაგრძელდა, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ, რაც არის ასახული ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან მიმართებით. ასევე მკაფიოდ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. უდავოა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ასეთ შეფასებას ვისმენთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ეს შეფასება მოვისმინეთ დღეს აღლუმზე, როდესაც ჩვენმა მეგობარმა პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მან თქვა, რომ ევროპა ელოდება საქართველოს, ევროპა ელოდება საქართველოს იმ ოჯახში, რომელსაც საქართველო ბუნებრივად მიეკუთვნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო, ვინაიდან ქართველმა ხალხმა საკუთარ მიწას მიაბარა ეროვნული გმირი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ ჯარს, თავდაცვისუნარიანობას.

„დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო, რადგან ჩვენ დღეს საკუთარ მიწას მივაბარეთ ჩვენი ეროვნული გმირი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ეროვნულ ჯარს, თავდაცვისუნარიანობას. იმ ფასეულობებს, რომლებიც დღეს ასეთი აქტუალურია – ევროპული ღირებულებები და ფასეულობები, სწორედ საუკუნის წინ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების დროს ჩაეყარა საფუძველი“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანმა ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ დაწყებულია ურთულესი პროცესი ამბიციური მიზნის მისაღწევად, რაც ყოველდღიურ საქმიანობას, თითოეული სახელმწიფო სტრუქტურის, უწყების მხრიდან დაუღალავ შრომას მოითხოვს.

ზალკალიანი აცხადებს, რომ მიზნის გარშემო გაერთიანებული უნდა იყოს სრულიად საქართველო.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადა ამბიციური მიზნის შესახებ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მოგეხსენებათ, ეს ურთულესი პროცესია, რაც უკვე დაწყებულია და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გზას. პროცესი მოითხოვს ყოველდღიურ საქმიანობას, დაუღალავ შრომას თითოეული სახელმწიფო სტრუქტურის, უწყების მხრიდან. ასევე, მოითხოვს ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებას, რადგან მიზნის გარშემო გაერთიანებული უნდა იყოს სრულიად საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება ამის მიღწევა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საკითხზე საუბრისას ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აღიარებულია როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ლიდერი ქვეყანა და მოწინავე პოზიციებზეა დემოკრატიული, ასევე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

„საფუძველი, სერიოზული ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია. კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. 2017 წლიდან მოქმედებს თვისუფალი მიმოსვლა ევროკავშირში, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ჩვენ აღიარებული ვართ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი, ლიდერი ქვეყანა, საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე როგორც დემოკრატიული, ისე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, ხერხემალი ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, 2024 წლისთვის განაცხადის გასაკეთებლად იყოს გამართული, სრულ თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან, რაც აქვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან სერიოზული პროცესია, რომელშიც ჩართულია საქართველოს მთავრობა, პარლამენტი. ეს მოითხოვს მთლიანად ერის კონსოლიდაციას, რათა საქართველო დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად სამოქმედო გეგმა გაწერილია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ, გვაქვს გაწერილი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მივიდეთ 2024 წლამდე. ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ყველა სტრუქტურის მობილიზაციას თავისი მიმართულებით, სექტორალური, საგარეო პოლიტიკის თავსებადობის თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, დემკრატიული რეფორმების განგრძობითობის, ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით. ეს ყველაფერი არის იმ საგზაო რუკაში გაწერილი, რომელიც ჩვენ უკვე წარდგენილი გვაქვს ევროპელი პარტნიორებისთვის. ამავე დროს, შემუშავებული ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.