დავით ზალკალიანი - გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდის
დავით ზალკალიანი - გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციები განსაკუთრებით ყურადსაღებია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ანგარიში ემსახურება გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

„ბუნებრივია, ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რაც ანგარიშშია მოცემული და გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, შესაბამისობაში იყოს ამ რეკომენდაციებთან. ყველა რეკომენდაცია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდის, გათვალისწინებული იქნება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი განმარტავს, რომ მსგავსი სახის რეკომენდაციები გაიცემა ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებთან მიმართებაში.

„სწორედ ამ კუთხით და მაღალი სტანდარტების დაწესების თვალსაზრისით აღვიქვამთ ამ განცხადებას. ბუნებრივია, მასზე იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

ამასთან, მან სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ტერმინის – ოკუპაცია დამკვიდრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ დონეზე, მკვიდრდება ტერმინი ოკუპაცია, რაც კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იქ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიუღებლობაზე და ბუნებრივია, ეს არის კარგი საფუძველი, რათა ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის და ყველა ფორმატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამკვიდრდეს ეს ტერმინი. ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შესაბამისი რეკომენდაციებიდან გამომდინარე. გვექნება ამის შესახებ საუბარი ჟენევის ფორმატში, ასევე ეუთო-ს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს ფორმატში. კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მუდმივად ხაზს უსვამს მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში იქნება მნიშვნელოვანი რეზოლუციები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში.

„ბუნებრივია, ეს რეზოლუცია და რეკომენდაციები ამ თვალსაზრისითაც გამოგვადგება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2019 წლის დოკუმენტში საქართველოში არსებული მდგომარეობაც არის მიმოხილული.

დატოვე კომენტარი