დავით ზალკალიანი - გასული წელი საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით გამორჩეული იყო
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებს, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალს განიხილავენ.
„შეხვედრაზე ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესი განიხილება. საუბარი იქნება საინვესტიციო გარემოზე, ასევე, მაღალი დონის საინვესტიციო და სავაჭრო დიალოგზე, რომელიც წელს აუცილებლად გაიმართება მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივით. მსჯელობა შეეხება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის განვიხილავთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე ფაზას. საუბარი გვექნება შესაძლო სავაჭრო მისიებზე, რომელიც წელს ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაგეგმილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზეა ფოკუსირებული.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს და დღევანდელი შეხვედრა წელს პირველია.
„შარშანდელი წელი საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის კუთხით, გამორჩეული წელი იყო, უპრეცედენტოდ მაღალი დონის ვიზიტებით და აქედან გამომდინარე, ხელშესახები შედეგებით. ბუნებრივია, დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მიმდინარე წელსაც ჩვენ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით სერიოზული პროგრესი გვქონდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თავმჯდომარეობენ, ხოლო ამერიკული მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი ხელმძღვანელობენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებენ.