დავით ზალკალიანი - გარკვეული კერძო პირები და პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, ამერიკაში ჩვენს თანამემამულეებს ჰპირდებიან სამშობლოში დაბრუნებას, ახლა არ არის პოპულიზმის დრო, ნუ შეიყვანთ მათ შეცდომაში
დავით ზალკალიანი - გარკვეული კერძო პირები და პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, ამერიკაში ჩვენს თანამემამულეებს ჰპირდებიან სამშობლოში დაბრუნებას, ახლა არ არის პოპულიზმის დრო, ნუ შეიყვანთ მათ შეცდომაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ გარკვეული კერძო პირები და პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, ამერიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ჰპირდებიან სამშობლოში დაბრუნებას. მისი თმით, ახლა არ არის პოპულიზმის დრო.

„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის მზარდმა გავრცელებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები.

საქართველოს მთავრობა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის შიგნით მყოფი მოქალაქეების პარალელურად, მყისიერად დაიწყო ზრუნვა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე.

საქართველოს ხელისუფლებამ ამ ეტაპზე, 4 000 მოქალაქე, ორგანიზებულად გამოიყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის, ჩინეთიდან, სადაც ეპიდემიის აფეთქების საწყის ეტაპზე, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც გამოიყვანა მოქალაქეები, როგორც ჩარტერული რეისით, ასევე პარტნიორების – საფრანგეთის და თურქეთის დახმარებით.

ჩვენ, პანდემიის საწყის ეტაპზევე გამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები იტალიიდან, სადაც განხორციელდა ორი ჩარტერული რეისი, მაშინ, როდესაც გაცილებით ჩვენზე დიდი და რესურსებით უფრო ძლიერი სახელმწიფოები მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევდა საკუთარ მოქალაქეებს, რომ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში საკუთარი ძალებით.

საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მოქალაქეთა ორგანიზებული დაბრუნება მოხდა პოლონეთიდან, საიდანაც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით უკვე განხორციელდა პოლონური ავიახაზების სამი რეისი და ველოდებით მეოთხე რეისის განხორციელებას.

ორგანიზებულად მოხდა ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა ირანიდან, როდესაც პანდემიის აფეთქებისთანავე დაიკეტა ირანის საზღვრები და უდიდეს ძალისხმევას მივმართეთ მოქალაქეთა დასაბრუნებლად სპეციალური დერეფნების შექმნაზე.

ჩვენ დავაბრუნეთ მოქალაქეები ბულგარეთიდან – საიდანაც, ჩაკეტილი საზღვრების გამო, ბულგარეთ-თურქეთის საზღავრზე გაჩერებული საქართველოს 90 მოქალაქე გამოვამგზავრეთ სამშობლოში და დანარჩენი ადგილზე დავაბინავეთ. უკრაინიდან, სადაც შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები და მგზავრების გადაადგილება ვერ ხერხდება. ეგვიპტიდან – საიდანაც, ფრენების გაუქმების შედეგად ჩარჩენილი სტუდენტები წამოვიყვანთ.

ამგვარი მაგალითები უამრავია, ჩაკეტილი საზღვრების, გაუქმებული ფრენების და გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, დიპლომატიური მისიები, ყოველდღიურ რეჟიმში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევენ ათასობით საქართველოს მოქალაქეს.

დიპლომატიურმა მისიებმა საკუთარი სახსრებით, უკვე აღმოუჩინეს დახმარება 1 000-მდე საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც, შექმნილი ვითარების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში, ღია ცის ქვეშ დარჩნენ და საჭიროებდნენ მყისიერ დახმარებას.

დღემდე საკვებით, თავშესაფრით, წამლებით ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოფთ მოქალაქეებს ესპანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, სლოვაკეთში, თურქეთში, მოლდოვაში, ლიეტუვაში, ბრაზილიაში, ესტონეთში, გერმანიაში, კვიპროსში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ჩეხეთში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ბელარუსში, პოლონეთში, სლოვენიაში, უნგრეთში, სომხეთში და ა.შ. ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ საპატიო კონსულები და ქართული კომპანიები , რასაც ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთებენ. ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში დიასპორული ორგანიზაციები და ჩვენი ეკლესია – მადლობა მათ ამისთვის.

მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე, ძნელად მოსაძებნია სახელმწიფო, რომელიც ახდენს ადგილზე მყოფი საკუთარი მოქალაქეების დახმარებას. ჩვენ ეს შევძელით ერთიანობით, ერთად დგომით და საზოგადოების დიდი მხარდაჭერით.

ფასდაუდებელია საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატების 24-საათიანი საქმიანობა. უმძიმეს სიტუაციაში, ვირუსის დაინფიცირების საფრთხის პირობებში, ისინი აგრძელებენ საქმიანობას და არსებული რესურსებით მაქსიმალურ დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ათობით ათასი ყველა ჩვენი მოქალაქე შესაძლოა არ დარჩეს კმაყოფილი და სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დიპლომატები უსამართლო შეურაცხყოფას ისმენენ მათგან, მაგრამ მიუხედავად ამ დაძაბული და სტრესული მდგომარეობისა კვლავ გავაგრძელებთ საქმიანობას საქართველოს მოქალაქეების ელემენტარული ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად.

სამწუხაროდ, ყოველივე ამის ფონზე, გარკვეული კერძო პირები და პოლიტიკური ძალები, ცდილობენ ისარგებლონ არსებული ვითარებით და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, ცრუ დაპირებებს აძლევენ საზოგადოებას. ზრდიან მოლოდინებს იმ ნარატივის დამკვიდრებით, რომ სახელმწიფო მოქალაქეებისთვის არაფერს აკეთებს და მხოლოდ მათ შეუძლიათ დახმარება და თითქოს საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს მათ სამშობლოში დაბრუნებას. მაგრამ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სამოქმედო გეგმას და ზოგადად როგორი კონსოლიდაციაა ქვეყანაში.

უკვე რამდენიმე დღეა, გარკვეული კერძო პირები და პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, ამერიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს პირდებიან სამშობლოში დაბრუნებას და ამისათვის აგროვებენ პირად მონაცემებს და ავსებინებენ გაურკვეველ კითხვარებს.

ახლა არ არის დრო მსგავსი სახის უპასუხისმგებლო და პოპულისტური ნაბიჯების. ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში. ეს არის რისკის შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ადგილზე მოქალაქეების მდგომარეობა.

ამ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო ყოველდღიურად ცდილობს გაუმკლავდეს პანდემიის მძიმე შედეგებს, წარმოუდგენელია კერძო ჯგუფების და პოლიტიკოსების მხრიდან, ინდივიდუალური ინიციატივებით მოქალაქეთა სამშობლოში ჩამოყვანა.

ყველამ გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია, ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო, თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, უმთავრესია საერთაშორისო რეისები დაიგეგმოს სახელმწიფოთაშორის კოორდინაციით და შეთანხმებით.

როგორც იცით, საქართველოში საკუთარი მოქალაქეების ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ პრემიერი-მინისტრის დავალებით, ევროპის მიმართულებით დაგეგმა ავიარეისები კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შესრულებით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, დაგეგმილი ჩარტერული რეისების საშუალებით, ეტაპობრივად დაბრუნდებიან სამშობლოში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო საკარანტინო მომსახურებით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ როგორც პირადად მათი, ისე მათი ახლობლების დაინფიცირების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა დაბრუნების პროცესში გვმართებს მეტი სიფრთხილე, იმისათვის რომ ქვეყანში არსებული ჯანდაცვის რესურსები რაციონალურად იქნას გადანაწილებული.

სახელმწიფო თანმიმდევრულად მიუყვება საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს და ამას განაგრძობს წარმატებით, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. განხორციელდა და კვლავ იგეგმება ფრენები, რომელთა მეშვეობით და ასევე სხვა საშუალებებით, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 4 ათასამდე მოქალაქე!

შესაბამისად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, მთავრობა ამ კუთხით არ მიმართავს საკმაო ძალისხმევას, არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური სვლა.

ჩვენ ეტაპობრივად ვაბრუნებთ ჩვენს მოქალაქეებს და ეს პროცესი გაგრძელდება კოორდინირებულად, გაწერილი გეგმის თანახმად, იმისთვის, რომ დაცული იყოს მთავარი პრინციპი – ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

შეეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს: 28 მარტი – ვარშავა-თბილისი -„ლოტი“; 31 მარტი – ამსტერდამი-თბილისი – „ჯორჯიან ეარვეისი“; 3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – „ჯორჯიან ეარვეისი“; 3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – „ლოტი“; 4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – „ჯორჯიან ეარვეისი“ (კომპანიის გეგმიური რეისი); 7 აპრილი -ათენი-თბილისი -„ჯორჯიან ეარვეისი“; 10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი -„ჯორჯიან ეარვეისი“.

დამატებით ასევე, უკვე დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ასამდე მოქალაქეს ჩამოიყვანს. რეისს ავიაკომპანია „Myway Airlines” შეასრულებს. რეისი ასევე ჩამოიყვანს საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე 100 ევროთი განისაზღვრება.

ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14 დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან“, – წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“.