დავით ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
დავით ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ უენდი მორტონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთანებულ სამეფოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით“ წარმოქმნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას.

ყურადღება გამახვილდა იმ კონკრეტული მიმართულებების გაღრმავებაზე, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების მთავარი ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეშვიდე რაუნდის ფარგლებში გამოიკვეთა.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში არსებული ეპიდვითარება და პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, ხაზი გაუსვეს მულტილატერალური მიდგომების მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მოწინავე პოზიცია COVID-19-თან გამკლავების კუთხით და მიესალმა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას, რომელიც დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან დაიწყება.