დავით ზალკალიანი გაერო-სთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით ზალკალიანი გაერო-სთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-სთან აკრედიტებული დომინიკის რესპუბლიკის, ესვატინის სამეფოს, ფინეთის, მარშალის კუნძულების, მიკრონეზიის ფედერაციული შტატებისა და სენეგალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ განხორცილებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-სთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

შეხვედრა გაერო-სთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შედგა. დიპლომატები ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაეცნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში და წეროვანში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური დასახლება. ელჩები ეწვივნენ ასევე აჭარისა და კახეთის რეგიონებს, ადგილზე გაეცნენ საქართველოს იუსტიციის სახლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების სააგენტოს, 112-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის, ასევე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობის სპეციფიკას.

დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტი საქართველოში ტრადიციულ ხასიათს ატარებს. მისი მიზანია იმ ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობები არ აქვთ, გააცნოს მიმდინარე განვითარებები, ქვეყნის კულტურა, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, ასევე ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.