დავით ზალკალიანი გაერო-ში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი გაერო-ში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება ტრანსატლანტიკური საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც ტრადიციულად გაერო-ს ფარგლებში იმართება. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართული მხარე ამ ღონისძიებაში პირველად იღებს მონაწილეობას.

„დავით ზალკალიანი ასევე დაესწრება მაღალი დონის ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს (Good Human Rights stories). აღსანიშნავია, რომ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კარგ მაგალითებს აღნიშნავს, საქართველო წამყვან პოზიციებზეა, როგორც რეფორმატორი ქვეყანა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე ორგანიზებულ ღონისძიებაში; ტრადიციულად, გაიმართება შეხვედრა ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან და სხვა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, იგეგმება თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ხუთამდე ქვეყანასთან. ასევე გაიმართება შეხვედრები გაერო-ს მაღალი თანამდებობის პირებთან.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ასევე სუამი-იაპონიის მინისტერიალი.

საქართველოს დელეგაცია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობის მიზნით, ნიუ იორკს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ეწვია.