დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობს
დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნიუ იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს გენერალური დებატების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. მათ შორის, დავით ზალკალიანი, გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტში, ასევე წელს მეორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

გარდა ამისა, დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივის (Good Human Rights Stories) ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომლის განმავლობაშიც გაშუქდება მონაწილე ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებული მაგალითები. გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართება დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის მინისტერიალი. მინისტრი ტრადიციულად შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების პოლიტიკურ დირექტორებთან.

საქართველოს დელეგაცია აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების კონფერენციაში, „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მაღალი დონის ღონისძიებაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მინისტერიალში, კასპიის ბიზნესფორუმში, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიზნით ინოვაციური დაფინანსების შესახებ მაღალი დონის შეხვედრასა და სხვა მაღალი დონის ღონისძიებებში.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება.