დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ბერძენ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ბერძენ კოლეგას შეხვდა

ნიუ იორკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს დენდიასთან.

ზალკალიანმა მიულოცა კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებულ საკითხებზე.

აღინიშნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ისტორიულად არსებული მეგობრული კავშირები.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც არსებული გამოწვევების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე და გამოთქვა იმედი, რომ პარტნიორების აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება ვითარების შემდგომი დარეგულირება.

როგორც შეხვედრაზე საბერძნეთის მხრიდან აღინიშნა, აუცილებელია, მოძიებული იქნას ყველა საშუალება იმისთვის, რომ არსებულმა ფორმატებმა ეფექტურად იფუნქციონიროს, რისთვისაც საჭიროა ახალ მიდგომებზე ფიქრი.

მან მადლობა გადაუხადა საბერძნეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის. აღინიშნა ამ მისიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ადგილზე ვითარების მონიტორინგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ყველა ფორმატის აქტიური გამოყენების აუცილებლობას ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.

კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური ხალხთაშორისი და კულტურული კონტაქტები. ქართულმა მხარემ საბერძნეთს მადლობა გადაუხადა საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის მიგრაციასთან და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებაზე დაწყებული მუშაობისთვის.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარეობა და გამოთქვეს დაინტერესება განავითარონ ამ მხრივ ურთიერთობები, მათ შორის ორი ქვეყნის უწყებებს შორის ეკონომიკური დიპლომატიის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების გზით.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების აქტიურ დინამიკას და მომავალში მისი შენარჩუნების აუცილებლობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.