დავით ზალკალიანი ფინეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა
დავით ზალკალიანი ფინეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი  ფინეთში ვიზიტის ფარგლებში, ფინეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, ასევე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ, ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე და ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო უწყებისთვის დიასპორის საკითხებზე მუშაობის პრიორიტეტულობას და აღნიშნა ინიციატივები თუ პროექტები, რომელთა განხორციელებაც სამინისტროს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად აქვს დაგეგმილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინეთში საქართველოს მცირერიცხოვანი დიასპორა ჰყავს, თუმცა ისინი დიდ როლს თამაშობენ ფინეთის საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის პოპულარიზაციის და ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებაში. განსაკუთრებით აღინიშნა ტურიზმის მიმართულებით არსებული პოტენციალი, მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ფინელი ტურისტებისა და ვიზიტორების საქართველოში მოზიდვით.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობას, დიასპორის წარმომადგენლებში ქართული ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, ამ მხრივ დიასპორის წარმომადგენლები მიესალმნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც ახლო მომავალში გაიმართება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, დიასპორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ევროკავშირის, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობით და მოისმინეს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენციისთვის.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დიასპორის წარმომადგენლები  დაინტერესდნენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივითა და საქართველოს სამთავრობო პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ დეტალებით. დავით ზალკალიანი ფინეთს მიმდინარე წლის 11-12 ნოემბერს ეწვია სკანდინავიური ქვეყნების ტურნეს ფარგლებში.