დავით ზალკალიანი - ფედერიკა მოგერინის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განუხრელობას და წარმატებებს ამ გზაზე

ფედერიკა მოგერინის მიერ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად დასახელება საქართველოს, მისი პროგრესისა და დემოკრატიული რეფორმების აღიარებაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის მიერ 2018 წლის 12 მთავარ მოვლენას შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დასახელების კომენტირებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპული კულტურისა და ფასეულობების მატარებელი ქვეყნის დემონსტრირების და პოპულარობის საუკეთესო მაგალითი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილიც.

„სწორედ ამას გულისხმობდა უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, როდესაც მიმართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის იქ, სადაც საქართველოა, სადაც საუბარია დემოკრატიაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მოგერინის აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განუხრელობას და წარმატებებს ამ გზაზე.

„ეს ჩვენთვის კიდევ ერთი აღიარებაა, აღიარება იმისა, რომ საქართველო განუხრელად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას, განუხრელად იცავს ევროპულ ფასეულობებს და ამის ნათელი დადასტურება იყო ის უპრეცედენტო ურთიერთობის მაღალი დონის ფორმატები, რომელიც გასულ წელს გვქონდა ევროკავშირთან, მხედველობაში მაქვს 21 ნოემბრის უმაღლესი დონის შეხვედრა, რაც იყო კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია როგრც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. წელს ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ამბიციური გეგმა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, დასკვნით ფაზაშია „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა“, ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისთვის, რომელსაც მიეძღვნება ბათუმის კონფერენცია;

საქართველო ასევე მიიღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებში, მოგეხსენებათ, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევორპალიას ფესტივალში 2022 წელს, ყოველივე ეს მიუთითებს რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია“,-განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.