დავით ზალკალიანი - ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების ახალ ფანჯარას ხსნის ქვეყნის დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი ბრძოლისთვის
დავით ზალკალიანი - ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების ახალ ფანჯარას ხსნის ქვეყნის დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი ბრძოლისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით წარდგა, სადაც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციის საკითხზეც ისაუბრა.

ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან და მის შედეგებთან დაკავშირებით მიღებულ, ისტორიულ გადაწყვეტილებზე, რომლის ფარგლებშიც სტრასბურგის სასამართლომ იურიდიულად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი და რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში, როგორიცაა: წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დარღვევა; სიცოცხლის უფლების ხელყოფა და ეთნიკური წმენდა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12 წლიანი ერთიანი ძალისხმევის შედეგად დადგა,“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების ახალ ფანჯარას ხსნის ჩვენი ქვეყნისთვის, რათა საქართველოს ბრძოლა დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის დაფუძნებული იყოს მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე.

მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ იქნა ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობაც. ეს საკითხი წამოწია სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, როგორიცა – ეუთოს მუდმივ საბჭოსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე. ამასთან, მას გამოეხმაურნენ აშშ, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ლატვია, ლიეტუვა, ნატო და სხვა საერთაშორისო პარტნიორები. მათ ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის, როგორც საოკუპაციო ძალის, პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა იმ ძალისხმევაზე, რასაც სახელმწიფო ეწევა იმისათვის, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ამ მხრივ მან მნიშვნელოვანი უწოდა ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობის პროცესში საქართველოს საკითხის წამოწევის ფაქტს – ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან.

მისი თქმით, მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, საქართველოს მოქალაქეების გატაცების/უკანონო დაკავებების, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებზე, ასევე რუსეთის მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ. ხდებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების გამოყენება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების დაყენებისა და საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, მათ შორის აშშ-თან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, დიდი ბრიტანეთთან, ასევე  გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ნატოს და სხვა ფორმატებისა და ფორუმის ფარგლებში.

„გრძელდებოდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით და მისასალმებელია, რომ აშშ-ის 2021 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (პრეზიდენტმა ხელი 2020 წლის 27 დეკემბერს მოაწერა) კვლავაც ჩაიდო ფინანსური სანქციები იმ ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც დაარღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებენ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას,“ – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.