დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა
დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან ექვსი თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა, იძლევა შესაძლებლობას, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, იმუშაოს ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

„ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო ქართველი ხალხის სწრაფვა ევროპული ღირებულებებისა და ცივილიზაციისკენ, ასევე მზაობა გამოწვევებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს მოსდევს“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩს დღეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი ვითარების შესახებ. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, უკანონო ბორდერიზაციისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებს.

დატოვე კომენტარი