დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარიმართა საუბარი ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებსა და თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებზე.

შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პრიორიტეტებს, რომელიც ეხმიანება და ხელს უწყობს ორგანიზაციის წინაშე არსებული ცალკეული გამოწვევების დაძლევას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ შორის 27 თებერვალს, სტრასბურგში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს – „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები” ეძღვნება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს არის საქართველოს მხრიდან დასახელებული ინოვაციური პრიორიტეტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ორგანიზაციის ასევე წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე.

საგარეო უწყების ცნობითვე, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილსა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.