დავით ზალკალიანი - ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა ეტაპობრივად მოხდება, მთავრობას დღესვე გვინდა ყველას დაბრუნება, მაგრამ ვერ ჩამოვიყვანთ ისე, რომ მათ ასობით ათას ადამიანს საფრთხე შეუქმნან
დავით ზალკალიანი - ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა ეტაპობრივად მოხდება, მთავრობას დღესვე გვინდა ყველას დაბრუნება, მაგრამ ვერ ჩამოვიყვანთ ისე, რომ მათ ასობით ათას ადამიანს საფრთხე შეუქმნან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

ზალკალიანის თქმით, ვინაიდან მათ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებაა საჭირო.

„სიტუაცია არ არის მარტივი გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის დინამიკა მსოფლიოში სწრაფად იზრდება. აქედან გამომდინარე ჩვენც საგანგებო რეჟიმის ვითარებაში გვიწევს რეაგირება. სიტუაცია იცვლება საათობრივად და აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ჩვენთვის უმთავრესი არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის მათი მდგომარეობა, რომ ბევრი არის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და აუცილებელია, რომ მათი ეტაპობრივი გამოყვანა მოხდეს. მე ხაზს ვუსვამ – ეტაპობრივი, რადგანაც აუცილებელია, რომ ჩვენი სისტემა, ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისად მზად იმისთვის, რომ ჩვენ ეს ხალხი მივიღოთ.

იცით თქვენ, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოელი მოქალაქეებისთვის უკვე საზღვარი დაკეტილია, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს. აუცილებელია, რომ მათ გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა, ამისთვის უნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყოს მზად და აუცილებელია, რომ იყოს ბალანსი ჩამომსვლელთა რაოდენობისა და ინფრასტრუქტურას შორის“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, დღეს საკარანტინო სივრცეების რაოდენობა საკმარისია. „მაგრამ აუცილებელია, რომ ეს იყოს შეთანხმებულად და კოორდინირებულად. ამჟამად არანაირი ბიზნესინტერესები ჩვენთვის საინტერესო არ არის. მე მხედველობაში მაქვს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, თითქოს ხელისუფლებისკენ არის გადმობრალება, რომ  ჩვენგან ხდება. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ჩვენთვის უმთავრესი. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგროვებს ინფორმაციას ჩვენი საელჩოების, საკონსულოების მეშვეობით, 24 საათიან რეჟიმში, ჩვენ ვაგროვებთ ყველა ინფორმაციას. ამ ინფორმაციაის აკუმულაცია შემდეგ ხდება და ხდება კოორდინაცია და შეთანხმება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც არის ჩართული ამ ხალხის მიღებასთან, პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ამის მიხედვით ხდება ამ რეისების დაგეგმვა.

ჩვენი 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი ბოლო ორი კვირის განმავლობაში. არც ერთ ქვეყანას მსგავსი ქმედება, მსგავსი სახის ევაკუაცია საკუთარი მოქალაქეების არ განუხორციელებია და ჩვენზე დიდმა სახელმწიფოებმა, ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ გააკეთეს ეს. მინდა, შეგახსენოთ თუნდაც ერთი თვის წინ, როდესაც ერთ-ერთი პირველები ვიყავით, როცა ჩვენი მოქალაქეები ჩინეთიდან გამოვიყვანეთ ჩვენი პარტნიორების – თურქების, ფრანგების დახმარებით და ჩვენი საკუთარი რესურსებით. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა რომიდან ორი სპეცრეისით და მოგეხსენებათ, როგორ ორგანიზებულად და კოორდინირებულად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ჩვენ 400-მდე ჩვენი მოქალაქე გამოვიყვანეთ პოლონეთიდან ავიაკომპანია ლოტის დახმარებით, როდესაც მოხდა გადანაწილება მათი ისე, რომ აქ არ შექმნოდა ჩვენს ჯანდაცვის სისტემას მათი მიღებით პრობლემები. ჩვენი 90 მოქალაქე იყო ჩარჩენილი ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე. მე პირადად მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, რათა ამ 90 ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა, დაბრუნებულიყვნენ და დავაბრუნეთ ისინი, ყოველდღიურ რეჟიმში პატარ-პატარა ასაეთ შემთხვევებთან გვაქვს ჩვენს საქმე.

დღეს უკრაინიდან დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები, ასევე დღეს დუბაის რეისი შესრულდება. გუშინ საღამოს ბელავიამ შეასრულა და მაშინ როდესაც 165 ადამიანს ველოდებოდით, მხოლოდ 120 ადამიანი გამოცხადდა ამ რეისზე. მე დღესვე მინდა ყველას დაბრუნება და მთელ მთავრობას, მაგრამ ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რა სიტუაციაა შექმნილი, ხომ არ ჩამოვიყვანთ ისე, რომ ამ ხალხმა საფრთხე შეუქმნას ასობით ათას ადამიანს.

ძალიან პასუხისმგებლიანად უნდა ვიმოქმედოთ ახლა და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს არავის. მე ვთხოვ ყველას, მათ შორის ბიზნესს, რომ ახლა აქ ბიზნესინტერესები არ არის მთავარი, მთავარი არის ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველას ვეხმარებით შეძლებისდაგვარად. იგივე პორტუგალიაში. 24 საათიან რეჟიმში ჩვენი საკონსულო არის მათთან კავშირში და ჩვენი დიპლომატები თავიანთი ჯიბიდან უნაწილებენ იმის ნახევარს, რაც აქვთ, იმ ადამიანებს უყოფენ. ამ ადამიანებს ვუგვარებთ პრობლემებს ადგილზე. რადგან არ ვსაუბრობთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ ვაკეთებთ. პირიქით, 3 000 ადამიანი უმძიმეს პირობებში გამოვიყვანეთ და ეს გრძედლდება“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანი ამბობს, რომ მომავალი კვირის დასაწყისიდან რეისი ბერლინიდან შესრულდება.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ გერმანიიდან, არამედ გერმანიის გარშემო ვინც იმყოფებოდნენ, მათაც მივცეთ შესაძლებლობა, ბერლინიდან მოხდეს მათი წამოყვანა.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ქართული ავიაკომპანია „აირზენას“ მიმართ,  მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენს მიმართ არ იშურებენ კრიტიკას, მადლობას ვუხდი იმისთვის, რასაც აკეთებენ, რადგან მართლა გმირობის ტოლფასია იმ ადამიანების საქმე, რომლებსაც ასეთ პირობებში უწევთ საქმიანობა“ ,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.