დავით ზალკალიანი - ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებები იყო
დავით ზალკალიანი - ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებები იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით გაერო-ში პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან შეხვედრაზე აქტიურად განიხილება ის დამატებითი ზომები და მექანიზმები, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იყოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოების სურათის განსამუხტად.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებები იყო.

„განხილვის თემა იყო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, იქ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ყველა არის აბსოლუტურად შეწუხებული. მიმოვიხილეთ ყველა არსებული ფორმატი, რომელიც არის რელევანტური ამ საკითხის განსახილველად. აღინიშნა, რომ დამატებითი ზომები და მექანიზმებია ასამუშავებელი, რათა ამ საკითხის მოგვარება უფრო ეფექტური იყოს, ამიტომ ვიმსჯელეთ ამ თემაზე“, -განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი წინ არ მიიწევს, არ ხდება გარღვევა და რამე შედეგის მიღწევა მოლაპარაკების ოთ ძირითად საკითხზე.

„ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება ჟენევას გარედან დავეხმაროთ.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ჩვენი პარტნიორები. მათი კონსულტაცია და მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. გაერო არის ადგილი და ფორმატი, რომელსაც ყველა იყენებს, რათა პროგრესი აჩვენოს ცალკეულ საკითხებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, გაერო-ს ფორმატში ხშირად ხვდებიან ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეებიც კი.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პარტნიორებთან შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ინტეგრაციულ პროცესზე.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლიდერი ქვეყანა ვართ და პროგრესი იმსახურებს შემხვედრ ნაბიჯებს. ამ ყველაფერს ძალიან უშლის ხელს ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია, ამიტომ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“ – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე იგი ასევე ესაუბრება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გაერო-ს გენერალურ მდივანს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვიზიტის პირველ სამუშაო დღეს დავით ზალკალიანი ბერძენ, დანიელ, ესტონელ, ავსტრიელ, ირანელ, კუბელ კოლეგებს შეხვდა. მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ორმხრივი შეხვედრების გარდა, მონაწილეობას მიიღებს ცალკეულ ღონისძიებებში.