დავით ზალკალიანი - არანაირ სანქციებს არ ველოდებით, საქართველო თანმიმდევრულია დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებაში
დავით ზალკალიანი - არანაირ სანქციებს არ ველოდებით, საქართველო თანმიმდევრულია დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტისგან რაიმე ტიპის სანქციებს არ ელოდებიან, ვინაიდან საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ასევე დგამს ნაბიჯებს დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისა და ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.

„არანაირ სანქციებს არ ველოდებით, ვინაიდან საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული. ასევე ვართ თანმიმდევრული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების კუთხით, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეუთო-ს სტანდარტს შეესაბამება.

„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი ვალდებულება არის და ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა ფორმატში, რომ საქართველო მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები. ისეთი, როგორიც შეესაბამება ეუთო-ს სტანდარტს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ყველა საერთაშორისო დამკვირვებელთან, მათ შორის ეუთო/ოდირის ოფისთან და არაერთხელ იყო გაცხადებული ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მხრიდან, მათ შორის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომ რეკომენდაციები, რომელიც გვაქვს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, მინისტრის თქმით, ძირითადი მიზანი იყო ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი ვითარების გაცნობა და მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების კითხვებთან დაკავშირებით კი ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ასევე მზად იყო, მათთვის ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა საქართველოს წარმომადგენლებს საკმარისი დრო არ ჰქონდათ.

„რაც შეეხება ევროპარლამენტს, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში დებატები. იცით, რომ დებატების ძირითადი მიზანი გახლდათ ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა. მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ბუნებრივია, იქ იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად, ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენლებს, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანი ამბობს, რომ ევროპარლამენტარებთან მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო, რათა მათ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ.

„ვფიქრობ, ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, საქართველოს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ვართ და საჭიროა მუდმივი საუბარი, მუდმივი დიალოგი, რომ მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.