დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტის რეზოლუცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მოწინავე პოზიციებზეა
დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტის რეზოლუცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მოწინავე პოზიციებზეა

ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა და კერძოდ, ევროპარლამენტმა რუსეთთან ურთიერთობის ანგარიშის კონტექსტში ახსენა საქართველო, კერძოდ იმ ჭრილში, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების თაობაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, ანგარიში მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, მასში ნახსენებია ტერმინი „ოკუპაცია“, ასევე არის მოწოდება, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპარლამენტისგან მუდმივი მხარდაჭერა აქვს, რაც მსგავსი რეზოლუციების მიღებით დასტურდება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების თაობაზე. ანგარიში წარადგინა ევროპარლამენტის წევრმა სანდრა კალნიეტემ.

საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში შემდეგი მნიშვნელოვანი გზავნილები აისახა: ევროპარლამენტი კვლავ ცალსახად ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ანგარიშში პირდაპირაა ხაზგასმული რუსეთის მეირ საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაციის საკითხი. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უპირობოდ და სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა დებულება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაცია და ანექსია, მისი პირდაპირი და არაპირდაპირი ჩართულობა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებულ კონფლიქტებში და საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი დარღვევა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური ღირებულებების მიზანმიმართულ დარღვევას”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, რეზოლუცია ასევე, მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წარმომადგენლების მიერ ადმიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, უფრო მეტი ძალისხმევა გაწიონ შედეგების მისაღწევად; ევროპარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კიბერ და მედიის სფეროებში, მათ შორის, საარჩევნო პროცესებში რუსეთის მხრიდან ჩარევის გამოვლენისა და მასთან ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების კუთხით; ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი არასაკმარის რეაგირებას ახდენს რუსეთის პროპაგანდისტული კამპანიების წინააღმდეგ და ხაზს უსვამს ამ მხრივ მუშაობის გაძლიერების საჭიროებას, კერძოდ, 2019 წლის მაისის ევროპულ არჩევნებამდე”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.