დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტის ანგარიში მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველო მაღალ დონეზე დგას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის
დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტის ანგარიში მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველო მაღალ დონეზე დგას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის

ევროპარლამენტის ანგარიში იმის ნათელი გამოხატულებაა, რომ ევროკავშირი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს გვერდით, როდესაც საუბარია რუსეთის ჰიბრიდულ ომსა და უკანონო ოკუპაციაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დაცვაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ პირველად ევროკავშირი ანგარიშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას მოსკოვთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად ასახელებს, რაც მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველო მაღალ დონეზე დგას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის. კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორების“ წინააღმდეგ და სანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველო მადლიერია ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„აღნიშნულის თაობაზე მე ასევე დღეს მქონდა საუბარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც მათ მადლობა გადავუხადე საქართველოს  მტკიცე და ქმედითი მხარდაჭერისთვის. ბუნებრივია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ჩვენი ქვეყნის მთელი დიპლომატიური სისტემა გააგრძელებს მუდმივ ძალისხმევას, რათა საქართველოს თემა მაღალ დონეზე იყოს წამოწეული საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ევროპარლამენტმა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოსთან მიმართებით რუსეთის უკანონო ქმედებებზეც არის საუბარი.

დატოვე კომენტარი