დავით ზალკალიანი - ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის სახით ძალიან ძლიერი მეგობარი ჰყავს
დავით ზალკალიანი - ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის სახით ძალიან ძლიერი მეგობარი ჰყავს

ევროკომისიის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი შედგა, საუბარი შეეხო იმ ერთობლივ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ერთად პანდემიის ბრძოლის კუთხით ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან ახლო მეგობრები და საქართველოს ევროკავშირის სახით ძალიან ძლიერი მეგობარი ჰყავს.

„ეს დადასტურდა კრიზისის პერიოდში ჩვენი ძალიან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, რაც გამოიხატა კონკრეტულ შედეგებსა და იმ ხელშესახებ ფინანსურ მხარდაჭერაში, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ზომების შესახებ, რომელიც საქართველომ მიიღო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა. მისი მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკომისია მომავალშიც მზად არის, განაგრძოს ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობა და ასევე ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღემდე ხორციელდებოდა ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ვიდეოკონფერენცია დღეს გაიმართა.