დავით ზალკალიანი ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსსა და დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა
დავით ზალკალიანი ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსსა და დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსს ბიორნ ზაიბერტს და დიპლომატიურ მრჩეველს პეტერის უსტუბას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროკომისიის ახალ შემადგენლობასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები.

ევროკომისიის კაბინეტის უფროსის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან გამოხატული მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან. აღინიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი კარგად იცნობს საქართველოს და იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

შეხვედრაზე ევროკომისიის კაბინეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა ევროკავშირთან უკვე არსებული მაღალი დონის უპრეცედენტო ფორმატების მნიშვნელობა და მათი ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობები.

მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსს ინფორმაცია მიაწოდა სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველო, უკრაინა, მოლდოვას, ე.წ. ტრიოს მიერ წამოყენებული ინიციატივები აღმოსავლეთ პარტბიორობის მომავალთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლქიტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, ამ კუთხით ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მიმდინარე წელს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დღის წესრიგი და ევროკავშირთან არსებული ფორმატების ეფექტიანი გამოყენების საკითხები.​

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.