დავით ზალკალიანი ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის თემაზე არასამთავრობო სექტორს შეხვდება
დავით ზალკალიანი ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის თემაზე არასამთავრობო სექტორს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საგარეო უწყების ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში დღეს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრის მონაწილეებს მინისტრი ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) კონცეფციას და დოკუმენტის შემუშავების მიზნით მიმდინარე საქმიანობას გააცნობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმისა და რეფორმების კონსოლიდაციას ემსახურება.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საგზაო რუკის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოვლენასა და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვას.

„დაგეგმილი შეხვედრის მიზანია დოკუმენტის ირგვლივ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში დინამიურად ვითარდება. ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ მაღალი შეფასება ეძლევა საქართველოს მხრიდან ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეულ პროგრესს.