დავით ზალკალიანი - ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნად დარჩება, ვიდრე ქართველ ხალხს სჯერა ევროპის
დავით ზალკალიანი - ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნად დარჩება, ვიდრე ქართველ ხალხს სჯერა ევროპის

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნად დარჩება, ვიდრე ქართველ ხალხს სჯერა ევროპის. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ევროპის კარზე კაკუნს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპასთან თანმიმდევრული ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების პროექტია, რომელიც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს შეუქცევადს ხდის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ ხელი მოაწერა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელ დოკუმენტს – ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ამასთან, ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია, რომელიც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური წარმატება და ხელშესახები შედეგია თითოეული მოქალაქისთვის.

„დღევანდელი საქართველო მკვეთრად განსხვავდება 10 წლის წინანდელი საქართველოსგან. ევროპული ქვეყნებისთვის საქართველო დღეს არა მხოლოდ მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორიცაა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, გადადგას უფრო მეტი ნაბიჯი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით და სწორედ ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ შემუშავებული კონცეპტუალური დოკუმენტი „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა“. მისივე თქმით, კიდევ ერთ ამბიციურ მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, რეფორმების პროგრამის განხორციელება საქართველოსგან დაუღალავ ძალისხმევას მოითხოვს.

„მომავალში ჩვენ უფრო ფლექსიური, დინამიური და მომავალზე ორიენტირებული უნდა გავხდეთ. ამასთან, ევროკავშირის კანონმდებლობის ყველა შესაბამისი ელემენტის პრაქტიკაში განსახორციელებლად ჩვენ არა მარტო სურვილი, არამედ ქმედითი შესაძლებლობები გვჭირდება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ.

დატოვე კომენტარი