დავით ზალკალიანი - ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს
დავით ზალკალიანი - ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და მთავრობის პროგრამაში საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი წელი შეაჯამა.

მისი განმარტებით, ამ მიმართულებით ხელისუფლება მომავალში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მოდერნიზაციას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე იმ სიკეთეების მიტანას, რის საშუალებასაც მათ ევროკავშირთან ინტეგრაცია აძლევს.

„დღევანდელი დღე საქართველოსთვის ისტორიულია. ოთხი წლის წინ, 27 ივნისს ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით. ამ ხელმოწერამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა და საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი გახადა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ამ პერიოდში დაიწყო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა და დღემდე, ამით საქართველოს 300 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ასევე, დაიწყო მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე.

„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე, საქართველომ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რაც ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტ მხარდაჭერაში გამოიხატება. ასოცირების შეთანხმება ეს საქართველოს მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს“, – განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმებთან სრულ თანხვედრაშია.