დავით ზალკალიანი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ესაუბრა
დავით ზალკალიანი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ესაუბრა

ვისაუბრეთ ყველა ძირითად მიმართულებაზე, რომელიც აქტუალურია აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების დღის წესრიგში ევროკავშირთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ქალაქ ბრატისლავაში, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, ეს იყო აღმოსავლეთ პარტნიორების პირველი შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან.

„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა ძირითად მიმართულებაზე, რომელიც აქტუალურია აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების დღის წესრიგში ევროკავშირთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, განსხვავებული ინტეგრაციული პროცესები მიმდინარეობს. არიან ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ვისაც უფრო ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან. ამაზე გვქონდა საუბარი, რომ დიფერენცირებული მიდგომა „მეტი მეტისთვის“ პრინციპის გამოყენებით არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტად ამჟღავნებენ სწრაფვას ევროკავშირისკენ, ვისაც აქვთ ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა, ასევე თავისუფალი გადაადგილება, ვიზალიბერალიზაცია, ბუნებრივია, ევროკავშირისგან ითხოვენ კიდევ უფრო მეტ ჩართულობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებსა და გამოწვევებზე.

„მე ვისაუბრე იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა საქართველოსთვის, რომ ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევისთვის წევრობაა აუცილებელი. აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან ძალიან მძლავრი სიგნალები, რომ ეს არის ორმხრივი პროცესი, რომ აუცილებელია, ის ამბიციური გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის გზამკვლევის მიმართულებით, ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით, კიდევ უფრო იყოს წახალისებული და მხარდაჭერილი ევროკავშირის მხრიდან.

ბუნებრივია, ვისაუბრე იმ გამოწვევებზე, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით არსებობს, რადგანაც ევროკავშირი არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, რომელიც ჩართულია კონფლიქტის მოწესრიგებაში. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ევროკავშირის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც თანათავმჯდომარის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა,

დავით ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრა უკანონო ბორდერიზაციასა და ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე.

„ვისაუბრე ბოლო პერიოდში უკანონო ბორდერიზაციასთან და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის  უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მე მუდმივ კონტაქტზე ვიყავი ბატონი ბორელის წინამორბედთან, ქალბატონ ფედერიკა მოგერინისთან. თვითონ ბორელიც არის ინფორმირებული, რომ მაქსიმალურად ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.