დავით ზალკალიანი - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერის მხრიდან მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერის მხრიდან მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში

ჩვენი საუბარი იმ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, რა მოლოდინებიც გვაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა  მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშას შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მისი თქმით, ძალიან პოზიტიურად ფასდება ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან. საუბარი შეეხება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ასევე მოახლოებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს. მოგეხსენებათ, რომ სლოვენია ამჟამად თავმჯდომარეობს ევროკავშირს. ის იქნება თავმჯდომარე ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი იმ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, რა მოლოდინებიც გვაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებით. ძალიან პოზიტიურად ფასდება ის რეფორმები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს. აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იყო დაფიქსირებული, რომ მიდგომა უნდა იყოს დიფერენცირებული – ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ასოცირებული ტრიო, უფრო მეტს იმსახურებენ და ჩვენი მცდელობები, რაც მიმართულია ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაზე, მოითხოვს შემხვედრ ნაბიჯს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე,  რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ შეხვედრაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ უახლოეს სამიტზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენი 2024 წლის მიზანთან მიმართებით, რაც არის განაცხადის გაკეთება ევროკავშირში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.