დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მძიმე ვითარება და გამოწვევები.

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ პროვოკაციებზე.

„ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გახშირებულ შემთხვევებსა და სხვა უკანონო ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურებასა და დეზინფორმაციულ თავდასხმებზე საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ.

ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც მძიმე ტვირთად აწვება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას და რიგ შემთხვევებში იწვევს პაციენტთა გარდაცვალებას.

გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.

მინისტრმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მისია ასრულებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებასა და ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში. ხაზი გაესვა, მანდატის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წვდომის აუცილებლობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანმა მარეკ შჩიგელს მისიის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან. მე, როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა საქართველოში, მინისტრს გავაცანი ჩვენი პრიორიტეტები. სხვა საკითხებთან ერთად, ეს პრიორიტეტები ასევე მოიცავს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების განახლებას, სადაც მე ერთ-ერთი თანაფასილიტატორი გახლავართ. სიამოვნებით აღვნიშნე, რომ ჩვენი ჩართულობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან დაფასებულია.

მე ასევე გამოვხატე მადლიერება იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს მთავრობას და შესაბამის ინსტიტუციებს შორის. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი საქართველოში ყოფნა წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ვალდებულებების ერთგულად შესრულების დემონსტრირებას. პანდემიის დროსაც, ჩვენ შევძელით, გაგვეგრძელებინა ჩვენი ოპერაციები და მე მინისტრს მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ“, – განაცხადა მარეკ შჩიგელმა.