დავით ზალკალიანი - ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ავიარეისია დანიშნული
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ავიარეისია დანიშნული

ოპონენტების მხრიდან ისმის, თითქოს საქართველომ გააუქმა ყველანაირი ფრენა და არანაირი კავშირი ევროკავშირთან არ არსებობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ფრენაა დანიშნული, კერძოდ – ვენაში, ამსტერდამსა და ბერლინში.

„საქართველო არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი ევროკავშირისგან. ჩვენ სპეცრეისი განვახორციელეთ და 14 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ. ასევე, ადგილზე 22 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება. ეს დახმარების პროცესი დღესაც გრძელდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ კავშირი არის სრულად გაწყვეტილი. ეს გადაწყვეტილება იყო სრულ თანხვედრაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, არანაირი დამაზიანებელი ეფექტი ევროკავშირის მომავალ გადაწყვეტილებაზე, გახსნას სივრცე საქართველოსთვის, არ ექნება. ჩვენ არ მივიღებდით ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული ევროკავშირთან. ვერ გავასწრებდით ევროკავშირს გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ან ხვალ ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, უკვე სხვა ფრენებზე დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ სხვა ავიაკომპანიებთან. ეს იქნება სრულ თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან, რაც იქნება ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.