დავით ზალკალიანი - ევროკავშირის ლიდერების მხრიდან მივიღეთ მძლავრი გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვფიქრობ, პროცესი შეუქცევადია
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის ლიდერების მხრიდან მივიღეთ მძლავრი გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვფიქრობ, პროცესი შეუქცევადია

ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გუშინ მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მძლავრი გზავნილი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ვფიქრობ, პროცესი უკვე შეუქცევადია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პროცესი ფორმალურად დაიწყო რვა მარტს, როდესაც ბრიუსელში მოხდა განხილვა და ევროპულმა საბჭომ მიმართა ევროკომისიას, რომ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის პროცედურებთან დაკავშირებული ყველა მოქმედება.

„გუშინ გაიმართა მარსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი. განცხადება, რომელიც იყო დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე ომთან, იყო ყოვლისმომცველი უკრაინასთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადების ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის საკითხის მიცემასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება. ვფიქრობ, ეს უკვე არის ერთგვარი საბოლოო ბეჭედი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს პროცესი დაიწყო ფორმალურადაც და ეს იქნება შეუქცევადი. ახლა რას ველით ჩვენ – შემდეგი ეტაპი გახლავთ ის, რომ ევროკომისია კანდიდატის წევრებს გაუგზავნის შესაბამის კითხვარს და ეს იქნება ძალიან მოცულობითი, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმის დასაკამყოფილებლად. ამისთვის ჩვენ უნდა განვახორციელოთ სერიოზული საქმიანობა ყველა უწყებამ, როგორც აღმასრულებელმა ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებამ. უნდა იყოს ასევე ჩართული სამოქალაქო საზოგადოებაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კითხვარი იყოს სათანადოდ შევსებული. ზუსტად იყოს პასუხები გაცემული ყველა იმ კრიტერიუმზე, რასაც მოიცავს ეს კითხვარი. შემდეგ, როდესაც მზად ვიქნებით, შევსებული ფორმით უნდა დაუბრუნდეს ევროკომისიას, რომელიც უკვე საბოლოოდ გადაწყვეტს სამივე ქვეყანასთან მიმართებაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ეს არის პროცედურები, რომელსაც ჩვენ ველოდებით უახლოეს მომავალში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კითხვაზე, ლიეტუვას პრეზიდენტმა უკრაინასთან მიმართებაში პირდაპირ დაწერა – დიახ, ამ ფონზე ლიდერების ამ განცხადებების მეხუთე პუნქტი უნდა აღვიქვათ, რომ ეს არის საქართველოსთვისაც ნათქვამი დიახ, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთლიანად სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსის განხილვის პროცესი ერთიანად იქნება დაწყებული და ერთიანად იქნება შესაბამისი პასუხი.

ლიეტუვის პრეზიდენტის ეს განცხადება ჩვენ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს იყო განცხადება, რომელიც გუშინ გავრცელდა. განცხადება ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს უკრაინასთან მიმართებაში და უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, იმ აგრესიის კონტექსტში, რა აგრესიაც მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ უკრიანაზე იყო მთლიანად კონცენტრირებული განცხადება, მაგრამ ამ განცხადებაში უკრაინასთან მიმართებაში რა თქმა უნდა, გამომდინარე კრიტიკული ვითარებიდან იყო აქცენტები გაკეთებული. განცხადებაში ასევე ცალკე არის გამოტანილი საქართველო და მოლდოვა, ეს არ ნიშნავს რომ ხდება ჩვენი დაცალკევება, მთლიანად სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსის განხილვის პროცესი ერთიანად იქნება დაწყებული და ერთიანად მივიღებთ ჩვენ შესაბამის პასუხებს. ევროკავშირის მეირ დაწესებულ ვადებში იქნება განხილვა. ომმა უკრაინაში ეს პროცესი დააჩქარა, მაგრამ ჩვენც მზად ვართ, იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა პროცესი, ჩვენც ადეკვატურად ვიმოქმედოთ. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ განაცხადის გაკეთება გადაწყვეტილი გვქონდა 2024 წლისთვის, როდესაც არც უკრიანას და არც მოლდოვას გაკეთებული არ ჰქონდა, ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა ასოცირებული ტრიოდან, ვისაც ეს განაცხადის გაკეთება უკვე საჯაროს გვქონდა განცხადებული, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ დააჩქარა პროცესები. ასეთი ძლიერი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, მომდევნო განვითარებაც ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მთავარია, საქართველოს ევროკავშირი განიხილავს ამ ასოცირებული სამეულის ფორმატში.

კითხვაზე, არსებობს მოსაზრებებიც, რომ ახლა რეალურად მიმდინარეობს უკრაინის საკითხზე დაჩქარებულ რეჟიმში მსჯელობა, მაგრამ საქართველოს ეთქვა უარი, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს არის ტყუილი.

„ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ჩვენ რაღაცნაირად განცალკევებული ვართ ამ პროცესისგან. პროცესი დაიწყო სამივე ქვეყანასთან მიმართებაში, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყანა გაივლის ამ პროცესს. გასაგებია ჩვენთვის ევროკავშირის ლიდერების ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება უკრაინის მიმართ და გასაკვირი იქნებოდა, რომ ასეთი მსგავსი მიდგომა არ ყოფილიყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორივე შტო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, არის ერთიან პოზიციაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ სერიოზული გზავნილია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოს, მთლიანად ხელისუფლებაში ორივე შტოს შორის არის სრული კონსენსუსი ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.