დავით ზალკალიანი - ევროკავშირის განცხადებას შევუერთდით, რომ ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე აუცილებელია სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის განცხადებას შევუერთდით, რომ ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე აუცილებელია სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, პასუხი უნდა აგონ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

„გუშინ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციამ გააკეთა განცხადება ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის მართლაც აღმაშფოთებელი და უაღრესად არაჰუმანური, უკანონო ქმედება. საქართველო შეუერთდა ევროკავშირის ამ განცხადებას. სოლიდარული ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების. შევუერთდით მოწოდებას, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ სწრაფი და გამჭირვალე გამოძიების ჩატარება, რათა იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, პასუხი აგონ და რაც შეიძლება სწრაფად წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო მიუერთდა.

„ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.