დავით ზალკალიანი - ევროინტეგრაციის პროცესს განვიხილავთ, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში
დავით ზალკალიანი - ევროინტეგრაციის პროცესს განვიხილავთ, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში

ევროინტეგრაციის პროცესს მთლიანობაში ჩვენ განვიხილავთ როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საჯარო ლექცია ჩატარდა.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით საქართველო ჩამოყალიბდება ქვეყნად, რომელიც მიმზიდველი იქნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფი მოსახლეობისთვის. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ტერიტორიების გარდა, ამ ხალხის ნდობაც უნდა დავიბრუნოთ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და სამხედრო სწავლების ცენტრის მსმენელბთან  შეხვედრაზე ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.

„საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს აფასებენ ძალიან პოზიტიურ კონტექსტში. გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა რეზოლუციის განხილვა, რომლითაც შეფასდა ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი. მივიღეთ უმაღლესი შეფასება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები არ იყო მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტი. მისი თქმით, ეს გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მეზობლებისთვის.

„ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, რომელსაც 2014 წელს მოეწერა ხელი, წარმოადგენდა მნიშვნელოვან პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტი, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯი, როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი მეზობლებისთვის. აღნიშნული პროცესი გააღრმავებს ხალხთა შორის ურთიერთობას, პირდაპირ კომუნიკაციას ახალგაზრდა თაობას შორის, როგორც სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სასწავლო გაცვლითი პროგრამით, ისე სამეცნიერო თანამშრომლობის თვალსაზრისით. ურთიერთობები გაუმჯობესდება ბიზნესწრეებს შორისაც. მეწარმეებს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გამოყენებით უფრო ეფექტური განვითარების საშუალება ექნებათ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, ევროპასთან დაახლოების პროცესი ქვეყანას ეხმარება სტაბილურობის გამყარებაში, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების გაძლიერებაში, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის უფლებებია დაცული.

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს წევრობის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტს, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების დოკუმენტი. ევროპასთან დაახლოების პროცესი ქვეყანას ეხმარება სტაბილურობის გამყარებაში, გვეხმარება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების გაძლიერებაში, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის უფლებებია დაცული, სადაც უმცირესობათა უფლებებია დაცული. ქვეყანა აყალიბებს ლიბერალურ ვაჭრობაზე დაფუძნებულ ეკონომიკას და ებრძვის კორუფციას. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს აფასებენ ძალიან პოზიტიურ კონტექსტში“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი კოპენჰაგენს სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა, რა დროსაც საჯარო ლექცია წაიკითხა დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში.