დავით ზალკალიანი - ეუთო-ს პლატფორმა არის ფორუმი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ საქართველოს საკითხების აქტუალიზაციისთვის, ეს არის კარგი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ ვითარებაზე სასაუბროდ
დავით ზალკალიანი - ეუთო-ს პლატფორმა არის ფორუმი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ საქართველოს საკითხების აქტუალიზაციისთვის, ეს არის კარგი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ ვითარებაზე სასაუბროდ

ეუთო და ეუთო-ს პლატფორმა არის ის ფორუმი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ საქართველოს საკითხების აქტუალიზაციისთვის და ეს არის ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა, რათა თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით ვისაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც დღეს სტოკჰოლმში, ეუთო-ს მინისტერიალის გახსნის სესიაზე სიტყვით გამოვა.

მისი თქმით, სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და დეოკუპაციის სტრატეგიაზე.

„ვისაუბრებთ ასევე უკანონო ბორდერიზაციაზე, უკანონო დაკავებებზე, ჟენევის პროცესზე და რა უნდა გაკეთდეს, რადგანაც ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია, როგორც თანათავმჯდომარე ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ამიტომ, ჩემი გამოსვლის ძირითადი აქცენტი იქნება სწორედ ამ მიმართულებებზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებებზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის ძირითადი ფუნდამენტი, რაზეც არის დაფუძნებული ეს მოლაპარაკებები, იყოს შესრულებული და როგორ შეიძლება მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია. გარდა ამისა, ვისაუბრებ ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაზე, დეოკუპაციის სტრატეგიაზე, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ და მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს თემის აქტუალიზაცია იყოს ამ ფორმატში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ ეუთო-ში იღებენ განცხადებას საქართველოს მეგობარი ჯგუფის სახელით.

„ეს მომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთი მუდმივად ბლოკავს და იყენებს კონსენსუსის პრინციპს საკუთარი მიზნებისთვის, ბლოკავს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგანაც მას არ სურს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვეს რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში, რომ ამ ფორმატში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს განცხადება იქნება მიღებული და საქართველოს მიერ ჩატარებული სამუშაო, რაც აქამდე განვახორციელეთ, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო განცხადება ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ორმხრივი ფორმატებისთვის გამოვიყენებ. ძალიან ბევრი შეხვედრა მექნება ჩემს კოლეგა მინისტრებთან, გვექნება საუბარი ორმხრივ ურთიერთობებზე და ჩვენს თანამშრომლობაზე მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.