დავით ზალკალიანი - ეუთო-ს მინისტერიალზე თითქმის ყველა გამომსვლელი საუბრობს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუღებლობაზე, ესაა პასუხი ოპონენტების მიმართ, თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან
დავით ზალკალიანი - ეუთო-ს მინისტერიალზე თითქმის ყველა გამომსვლელი საუბრობს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუღებლობაზე, ესაა პასუხი ოპონენტების მიმართ, თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს თემის აქტუალიზაციისთვის ეუთო-ს პლატფორმის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, მინისტერიალზე თითქმის ყველა გამომსვლელი საუბრობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით და მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანონ ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

როგორც ზალკალიანი ამბობს, სწორედ ეს არის დიპლომატიის ძალისხმევის შედეგი და პასუხი ოპონენტებისადმი, თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან.

„ეუთო-ს პლატფორმის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს თემის აქტუალიზაცია მოხდეს. თქვენ იხილეთ, რომ თითქმის ყველა გამომსვლელი საუბრობს საქართველოს შესახებ, თითქმის ყველა გამომსვლელი საუბრობს მიუღებლობაზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა გამომსვლელი ახსენებს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და მოუწოდებენ, გაიყვანონ რუსული ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სწორედ ესაა, რასაც ჩვენი დიპლომატია აკეთებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. სწორედ ეს არის პასუხი ჩვენი ოპონენტების, თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან. ძალიან მკაფიოდ ჩანს ეს. ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონული ორგანიზაცია, 57 ქვეყანაა და თითქმის ყველა წევრი ქვეყანა გამოდის და საუბრობს საქართველოს შესახებ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა პარტნიორების მიმართ, რომლებიც მუდმივად საუბრობენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობაზე და ქვეყანას მხარს უჭერენ.

„ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და ამ ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების, რომლებიც მუდმივად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობაზე, მხარს გვიჭერენ სამშვიდობო ინიციატივებში, მხარს გვიჭერენ, რომ ჟენევის პროცესი უფრო ეფექტიანი გახდეს. ბუნებრივია, ეს ორგანიზაცია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი, წარმოდგენილია ჟენევის პროცესში. დარწმუნებული ვარ, მათთან ერთად ჩვენ თანმიმდევრულად შევძლებთ, რომ ამ ორგანიზაციაში უფრო ეფექტიანად მოხდეს ფუნდამენტური თემების განხილვა, რაც არის დაკავშერებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესრულებასთან და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩემს გამოსვლაშიც ბუნებრივია, სწორედ ამ თემებზე იყო აქცენტი გაკეთებული“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი