დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გზით მოგვარების პროცესზე, ამ მიმართულებით ეუთო-ს ჩართულობის და როლის გაზრდაზე.

„მხარეებმა დააფიქსირეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატების მხარდაჭერა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული მხარის აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით აღინიშნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ჩართულობა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. ხაზი გაესვა ODIHR-ის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.