დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს სანიტარული კრიზისის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ პანდემიას და მისი მართვის პროცესს, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასიური წარმოების გამო და აღნიშნეს მისი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.

„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ვაქცინაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე და ვაქცინების მოპოვების კუთხით საქართველოს მიერ წარმოებულ სამუშაოებზე. ამ მხრივ განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის ესპანეთის სამეფოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისა და მზაობისთვის დაეხმარონ საქართველოს ამ პროცესში.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში და ორი ქვეყნის მხრიდან პოლიციის ატაშის ინსტიტუტის ეფექტურ ფუნქციონირებას. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს უვიზო რეჟიმის წესების დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, მათ შორის მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილება 2021 წლის პირველი იანვრიდან ე.წ. გასვლის კონტროლის ამოქმედების შესახებ.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ესპანეთს შორის რეადმისიის შეთანხმების გაფორმებას. განიხილეს შესაძლებლობა ესპანეთში ქართული მართვის მოწმობების აღიარების თაობაზე, რისთვისაც კარგ ნიადაგს ქმნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, კერძოდ კი ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა, რომლის თანახმადაც ქართული მართვის მოწმობები სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.