დავით ზალკალიანი - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ყველა მექანიზმი მაქსიმალურად არის ამოქმედებული
დავით ზალკალიანი - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ყველა მექანიზმი მაქსიმალურად არის ამოქმედებული

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად მთელმა ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ყველა შესაბამის სტრუქტურასთან მუდმივი კომუნიკაცია.

„ამ წუთებშიც, როდესაც ჩვენ აქ ვართ შეკრებილი, თითოეული ჩვენგანის გონებაში არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მის გასათავისუფლებად მთელმა ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების თვალსაზრისით. ყველა მექანიზმი არის მაქსიმალურად ამოქმედებული. ამ წუთებშიც მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვიმყოფებით ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გარკვეული ზემოქმედება, რათა ეს უკანონო ტყვეობა რაც შეიძლება სწრფად დასრულდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა კონფერენციაზე გამოსვლისას.

თბილისში დღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ელჩების კონფერენცია 2019 – საქართველო – ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის” გაიხსნა.

კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანი გახსნა. ასევე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი გახარიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.